ძველი თბილისი ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილი, თბილისის ის უბნები და დასახლებები, რასაც 1936 წლამდე „ტფილისი“ ეწოდებოდა. ძველი თბილისი მოიცავს შემდეგ უბნებს: აბანოთუბანი-ხარფუხი (ანუ ტფილისი, შემდგომ სეიდაბადი), კალა, ისან-ავლაბარი, სოლოლაკი, მთაწმინდა, ვერე, ორთაჭალა, ჩუღურეთი, დიდუბე, ნაძალადევი. ძველ თბილისში თავმოყრილია თბილისის ღირსშესანიშნაობათა უმეტესობა და, შესაბამისად, ის ტურისტული მიზიდულობის მთავარი ცენტრია. ძველი თბილისი 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანის კანდიდატია.
ლეგენდის თანახმად, ქალაქის დაარსება მის ტერიტორიაზე არსებულ გოგირდის ცხელ წყლებს უკავშირდება. ეს გარემოება ქალაქის სახელწოდებაშიც აისახა. ტფილისში პირველი დასახლება IV ს-დან გაჩნდა, ხოლო V ს-ის შუახანებში ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალმა აქ ქალაქის გაშენება დაიწყო. მისმა მემკვიდრემ დაჩიმ კი ტფილისი ქართლის სამეფოს დედაქალაქად გამოაცხადა. თბილისი კავკასიის რეგიონის ბუნებრივი ცენტრია. მისი სტრატეგიული მდებარეობა უძველესი დროიდანვე იზიდავდა დიდ იმპერიებს და ქალაქი ხშირად განიცდიდა უცხო ქვეყნების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ გავლენას. VIII-XII სს-ში თბილისი მუსლიმთა მმართველობის ქვეშაა, აქ არაბი ამირა იჯდა. XVI-XVIII სს-ში ხშირად სპარსეთის და ოსმალეთის, ხოლო XIX-XX სს-ში რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.
თბილისი VI-VIII და XV-XVIII სს-ში ქართლის, XII-XV სს-ში კი საქართველოს სამეფოს დედაქალაქია. 1801-1917 წწ-ში რუსეთის იმპერიის კავკასიის მხარის (სამეფისნაცვლოს), 1918 და 1922-1936 წწ-ში კი ამიერკავკასიის ფედერაციის ცენტრს წარმოადგენდა. 1918-1921 წწ-ში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქია, ხოლო 1991 წლიდან დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს დედაქალაქია.
Comments
Post a Comment